ზურაბ სიჭინავა: ანაკლიის აკვატორიის დაღრმავების 95%-მდე შესრულებულია, Jan De Nul-ის ჯგუფის ფლოტის ერთ-ერთმა გემმა ტერიტორია უკვე დატოვა, ადგილზე რჩება გემი, რომელიც დასკვნით სამუშაოებს ახორციელებს

24 ნოე 2026

ანაკლიის საზღვაო ნავსადგურში სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ განაცხადა.

ზაფხულში ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს ბელგიური Jan De Nul-ის ჯგუფის ფლოტის ორი დამმღრმავებელი გემი: Tristao Da Cunha და Al-Idrisi ახორციელებდა.

„გემმა Al-Idrisi-მა უკვე დატოვა ანაკლიის აკვატორია, რადგან სამუშაოების 95%-მდე შესრულებულია. ამ ეტაპზე ადგილზე რჩება მეორე გემი, რომელიც დასკვნით სამუშაოებს ახორციელებს“, – აღნიშნა „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა.

ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე დაღრმავების სამუშაოები დასრულდება.

„დეკემბრის ბოლომდე დაღრმავების სამუშაოები, მათ შორის შემოსასვლელი არხისა და მოსაბრუნებელი აუზის დაღრმავება, სრულად შესრულდება. პარალელურად, დაწყებულია ტალღამტეხის მშენებლობა, რომელმაც ზღვაში გადაინაცვლა. მთლიანი სიგრძის 460 მეტრი უკვე აშენებულია, რაც სამუშაოების 32%-ია და მნიშვნელოვან პროგრესს წარმოადგენს. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ხორციელდება. საქართველოს მთავრობის გეგმა, 2029 წლის ბოლოსკენ ანაკლიაში პირველი გემი მივიღოთ, განხორციელებადია – ამის თქმის საშუალებას ყველა მოცემულობა გვაძლევს. იმისთვის, რომ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურმა 2029 წელს ოპერირება დაიწყოს, აუცილებელია რეგიონულ სატრანსპორტო კვანძს დაუკავშირდეს, რისთვისაც გადადგმულია შესაბამისი ნაბიჯები“, – განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა.

ზურაბ სიჭინავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების ფარგლებში სამუშაოები აქტიურ, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს – მოქმედებს სამი ცვლა და შესაბამისი ამინდის პირობებში პროცესი 24-საათიანია. მიუხედავად იმისა, რომ ზღვაში ტალღამტეხის მშენებლობისას დიდი ტალღები ზოგჯერ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს, სარეზერვო ტექნოლოგიებისა და მისასვლელი გზების გამოყენებით პროცესი შეუფერხებლად გრძელდება. მისივე თქმით, მიმდინარე სამუშაოებზე დაახლოებით 150-200 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.

„დასაქმებული 150-200 ადამიანიდან უმრავლესობა ადგილობრივია. პროექტი შემდგომ განვითარებასა და სამომავლო გაფართოებასთან ერთად მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს, არამედ მთელ ქვეყანას“, – აღნიშნა ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორმა.

ზურაბ სიჭინავა განმარტავს, რომ საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა.