24 ნოე 2026
მეორე დღეა, ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საგანმანათლებლო მიმართულება, რაც ფორტეპიანოსა და ვიოლინოს მასტერკლასებს ითვალისწინებს. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში ფრანგი პიანისტისა და მუსიკის პედაგოგის, მაესტრო მიშელ სონის მასტერკლასები მიმდინარეობს.
საგანმანათლებლო პროგრამა ახალგაზრდა მუსიკოსებს აძლევს შესაძლებლობას, საერთაშორისო აღიარების მქონე მაესტროსგან პროფესიული გამოცდილება გაიზიარონ, მიიღონ პრაქტიკული რჩევები და განავითარონ საშემსრულებლო უნარები.
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის მე-14 სეზონის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილია, ასევე, ახალგაზრდა მევიოლინეებისთვის პროფესორ გიორგი ხაინდრავას მასტერკლასებიც.
ფესტივალის პროგრამის მიხედვით, დღეს, 16:00 საათზე, დოკუმენტური ფილმის - „ყველაფრიზმი: მარადიულნი“ - ჩვენებაც გაიმართება ბათუმის დრამატულ თეატრში. ფილმი ქართული ავანგარდის გამორჩეული წარმომადგენლის, ილია ზდანევიჩის ცხოვრებასა და შემოქმედებით გზას ასახავს.
19:00 საათზე კი საერთაშორისო ფონდის - SOS TALANTS - გალა-კონცერტი გაიმართება ბათუმის დრამატულ თეატრში, რომელშიც ქართველი პიანისტები: თამარ ბერაია და ბარბარე თათარაძე მიიღებენ მონაწილეობას.
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი UNESCO-ს მაღალი პატრონაჟითა და ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით იმართება.