საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა გრძელდება

24 ნოე 2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა გრძელდება. რიგით მე-18 სხდომაზე კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დასვამენ კითხვებს, რის შემდეგაც მოსარჩელე მხარეს სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიმართავენ. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის კითხვის საპასუხოდ, არსებობს თუ არა კონკრეტული სია და სასამართლოში წარმოდგენილია თუ არა კონკრეტული მტკიცებულებები კომპენსაციების გაცემის საკითხთან დაკავშირებით, გორდულაძემ აღნიშნა, რომ საინტერესოა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩამორთმეულ ქონებებთან დაკავშირებით დასმული კითხვა და დასძინა, რომ ეს მათი დაცვის სტრატეგიაა.

''ის, რომ მასშტაბური იყო ქონებების ჩამორთმევები და ასე „ახსენდებოდათ“ ხოლმე, ბოდიშს ვიხდი, არანაირი შეურაცხყოფისთვის არ ვამბობ, უბრალოდ ფაქტია, რომ ღამით ახსენდებოდათ ხოლმე ადამიანებს, რომ სახელმწიფოსთვის გადასაცემი საჩუქარი ჰქონდათ თურმე გადასაცემი და შემდეგ უკვე, მათ შორის, ღამის პერიოდში არაერთი ქონება იქნა გადაფორმებული რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც ეს გახლავთ საგამოძიებო კომისიისადმი 2025 წლის 17 თებერვალს, ნომერ მეორე სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ნადარეიშვილის ახსნა-განმარტების სტენოგრამა და ვიდეოჩანაწერი და ანალოგიურად, კომისიისადმი გაგზავნილი შესაბამისი ოფიციალური წერილი პროკურატურისგან. თუ ვინმეს ამ ყველაფერში ეჭვი ეპარება, მაგრამ არა მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამაში ეჭვი ეპარებოდეს, მაგრამ თუ სასამართლოს სჭირდება, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არსებობს და ამავდროულად, ინკვიზიციის პრინციპიდან გამომდინარე, როგორც საგამოძიებო კომისიას გაეგზავნა, დარწმუნებული ვარ, პროკურატურა შეასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნასაც და შესაბამისად, დეტალურ სიასაც გამოაგზავნის. რაც შეეხება კრებსითი ჩამონათვალი მოგახსენეთ,'' - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.