აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მაკა ბოჭორიშვილს უმასპინძლა

24 ნოე 2026, 15:21

6
გაზიარება:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება. საქართველოს პირველ დიპლომატს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა.

წინ კიდევ სამი მნიშვნელოვანი აუდიენციაა: პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან, რომელთან მოლაპარაკებების შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

მანამდე კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბაქოს აეროპორტში აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე და ორივე ქვეყნის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დახვდნენ.

''ეს არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა, რომ შეჯამდეს წლის განმავლობაში ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობის განვითარების კონტექსტში ჩატარებული ღონისძიებები, მიღწეული შედეგები, ასევე დაისახოს ახალი გეგმები, გავიაროთ ყველა ის თემა, რომელიც აქტუალურია დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რეგიონული ვითარება, მსოფლიო პოლიტიკაში არსებული გამოწვევები და საკითხები. შესაბამისად, მშვენიერი შესაძლებლობაა ორ კოლეგას შორის საგარეო-პოლიტიკურ თემებზე კოორდინაციისა.

განხილული იქნება შუა დერეფნის პერსპექტივები და ამ კონტექსტში, როგორც გითხარით, საგარეო პოლიტიკური საკითხები, რომლებიც შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას და უფრო ფართო რეგიონსაც, მათ შორის სატრანსპორტო დერეფნების მუშაობის კონტექსტში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს პორტების რესტრუქტურიზაცია, ახალი პორტის, ანაკლიის მშენებლობა, რისი ოპერირებაც 2029 წელს უკვე უნდა დაიწყოს. ასევე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ბაქოს პორტის რეკონსტრუქცია, რომელიც სწორედ იმისთვის არის გამიზნული, რომ  ცენტრალური აზიური ტვირთები მიიღოს. ბუნებრივია, ეს ორი პორტი უკავშირდება ერთმანეთს, ანუ ერთის გაძლიერებით ძლიერდება მეორეც. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ის ტვირთები, რომლებიც წამოვა ბაქოს პორტში, შემდეგ ტრანსპორტირდეს უკვე საქართველოს პორტების გავლით'' – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.