ირაკლი კობახიძე: ოპოზიციონერები საუბრობდნენ, რომ ყულევი სანქციების სიაში ხვდებოდა, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, გადაწყვეტილების შეცვლა შეიძლება, დადებითად შეფასდეს

24 ნოე 2026

რაც უხაროდა რადიკალურ ოპოზიციას, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების ჩათვლით, ის აღმოჩნდა ტყუილი და რასაც ჩვენ ვამბობდით – აღმოჩნდა სიმართლე. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ამ ეკონომიკური ობიექტის ამოღება სასანქციო სიიდან, ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის მხრიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღების შეთავაზებაზე გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დადებითად შეიძლება, შეფასდეს.

„ეს არის ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. ჩვენ ვსაუბრობდით ამ თემაზე, გახსოვთ. მაშინაც გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და აღტკინებით, სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, იყო ტყუილზე დაფუძნებული ასეთი რამ, რაც, საბოლოო ჯამში, დასტურდება იმით, რომ იცვლება ეს გადაწყვეტილება. რაც უხაროდა რადიკალურ ოპოზიციას, მისი კუთვნილი მედიასაშუალებების ჩათვლით, ის აღმოჩნდა ტყუილი, ანუ რასაც ჩვენ ვამბობდით, ის აღმოჩნდა სიმართლე. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ამ ეკონომიკური ობიექტის ამოღება სასანქციო სიიდან. ამას, რა თქმა უნდა, მხოლოდ მივესალმებით,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს.