24 ნოე 2026, 14:51
1სეზონური ვირუსების გააქტიურება და ზამთრის კურორტებზე დასვენება - რა უნდა იცოდნენ მშობლებმა ბავშვების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად. პედიატრმა ხატია დოლიძემ „ახალი დილის“ ეთერში მიმდინარე ვირუსებზე, საყურადღებო სიმპტომებსა და მაღალმთიან კურორტებზე დასვენების რეკომენდაციებზე ისაუბრა.
პედიატრის ინფორმაციით, ორ თვემდე ასაკის ბავშვებში 38.3 გრადუსი და მეტი ტემპერატურა საგანგაშო ნიშანია და სტაციონარულ მართვას საჭიროებს.
„გრიპის ვირუსს ახასიათებს უეცარი, სწრაფი დაწყება მაღალი ცხელებით, 39 გრადუსზე და ზემოთ, თან ახლავს ინტოქსიკაციის ნიშნები, როგორიც არის მოდუნება, ძილიანობა, ღებინება. თუ ბავშვი სითხეს ვერ იღებს, ან იღებს და აღებინებს, ცხელება ვერ იმართება, არის ძილიანი, მივარდნილი - ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა სწორად იყოს ბინაზე მკურნალობა დანიშნული, მას სჭირდება სტაციონარული მკურნალობა და პედიატრის 24-საათიანი მონიტორინგი“, - აღნიშნა პედიატრმა.
ხატია დოლიძემ მშობლებს ზამთრის კურორტის შერჩევისასაც სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, მაღალმთიანი ჰავა შესაძლოა პრობლემური იყოს ქრონიკული გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებების მქონე ბავშვებისთვის.
„თუ ბავშვი არის ქრონიკული ავადობის მატარებელი, თუნდაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის, გულის თანდაყოლილი მანკის ან ფილტვის დაავადების, ჟანგბადის შედარებით დაბალი შემცველობა მასზე ცუდად იმოქმედებს და შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის დატვირთვა, ქოშინი, დისკომფორტი. ასეთ შემთხვევაში ვურჩევთ, ბავშვი ბარში ჩამოიყვანონ, რომ გართულება არ მოხდეს“, - განაცხადა ხატია დოლიძემ.
პედიატრის რეკომენდაციით, მთაში ყოფნისას მშობლები ბავშვის მდგომარეობას უნდა დააკვირდნენ: კვებაზე უარი, სითხის შემცირებული მიღება, უჩვეულო ტირილი და ძილის დარღვევა შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ ბავშვს მაღალმთიანი გარემო დისკომფორტს უქმნის. დასვენებისთვის კი სპეციალისტი მინიმუმ ერთ კვირას, სასურველად კი 10 დღეს მიიჩნევს.