თენგიზ შარმანაშვილი: კომერციული სუროგაცია ჩვენს ქვეყანაში უკონტროლო გახდა, ეს უკონტროლო სიტუაცია კი უნდა აღიკვეთოს

24 ნოე 2026

სუროგაციის აკრძალვას კიდევ ერთხელ ეხმაურებიან  მმართველ გუნდში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კომერციულ სუროგაციაზე, რამაც თენგიზ    შარმანაშვილის განცხადებით არაჯანსაღი ფორმები მიიღო და მისი კონტროლი   შეუძლებელი ხდება. 

მისივე თქმით, მოსალოდნელი საფრთხეებიდან გამომდინარე, ის ქვეყანაში სრულად უნდა აიკრძალოს.

''კომერციული სუროგაცია ჩვენს ქვეყანაში უკონტროლო გახდა. ევროპის ბევრ ქვეყანაშია აკრძალული. იმდენად ფარული ურთიერთობის საგანია, რომ ამის კონტროლი თითქმის შეუძლებელია. ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა ნებისმიერი ტიპის სუროგაციაზე. ჩვენთანაც არაჯანსაღი ფორმები მიიღო. ბევრი ქალის ტრეფიკინგიც კი ხდებოდა. ჩამოჰყავდათ ქალები, რომლის ექსპლუატაციასაც ეწეოდნენ და ახლაც ეწევიან, სანამ არ აიკრძალება. მშობიარობის რამდენიმე ეტაპს გადიოდნენ იმის გამო, რომ ორი კაპიკი ეშოვათ და ოჯახში შეეტანათ, ფაქტობრივად ტრეფიკინგის უკანასკნელი ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა. ეს ეკლესიამ შეამჩნია. ჩვენც გავიზიარეთ მათი არგუმენტები. ეს უკონტროლო სიტუაცია უნდა აღიკვეთოს საქართველოში, რადგან ცუდი რაღაცების მომტანია'' - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

ცნობილია, რომ საკითხზე მმართველ პარტიას აქტიური კომუნიკაცია ექნება საპატრიარქოსთან.

როგორც გუშინ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.გადაწყვეტილება არ ეხება ე.წ. ინვიტრო განაყოფიერებას.