23 ნოე 2026
ევროკომისიამ დააწესა წესები, რომლებიც მოქმედი და ყოფილი რუსი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის განხორციელებას ითვალისწინებს.
გადაწყვეტილება ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის წარდგენასთან ერთად მიიღო.
„დღეს, ევროკავშირის სანქციების 22-ე პაკეტის შეთავაზებასთან ერთად, ევროკომისია ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ზომებს იღებს. ეს გულისხმობს რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებული პირებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, რათა მათ საფრთხე არ შეუქმნან ევროკავშირსა და მის მოქალაქეებს. ევროკომისიამ დღეს ასევე დაამტკიცა განახლებული სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც მიზნად ისახავს მოქმედი და ყოფილი მებრძოლებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის განხორციელების ხელშეწყობას“, – აღნიშნულია განცხადებაში. განახლებული წესები ასევე მოიცავს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო განაცხადის წარდგენისას საჭირო დამადასტურებელი დოკუმენტების ახალ ჩამონათვალს.
ამასთან, გამკაცრდება ტურისტული ვიზების გაცემის პირობები და ევროკავშირში გამგზავრების მსურველი რუსი ხელოვანების მიმართ მოქმედი შეზღუდვები.
დოკუმენტში ასევე განმარტებულია, როგორ უნდა განხორციელდეს ევროკავშირში გამართულ სპორტულ ღონისძიებებში რუსეთის სახელით მოასპარეზე რუსი სპორტსმენების მონაწილეობის აკრძალვის შესახებ შეთავაზება.
ევროკომისიის განცხადებით, აღნიშნული ზომები ადასტურებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს პოლიტიკური ზეწოლა რუსეთზე და მის აგრესიასთან დაკავშირებულ პირებზე.