23 ნოე 2026
ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ 19 ნოემბერს ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბიჭი ბინაზე გაეწერა. სახლში გაწერის გადაწყვეტილება განმეორებითი კვლევების შემდეგ მიიღეს.
კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლამდე გოგონა.
როგორც ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახაბერ ჭელიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. მას დაზიანებული ჰქონდა ყურის გარეთა ნაწილი.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან ორი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩება. ამასთან, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.