23 ნოე 2026
ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, განმეორებითი კვლევების შემდეგ გადაწყდება მათი ბინაზე გაწერის საკითხი.
„ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია. მათ დღეს განმეორებითი კვლევები ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც გადაწყდება მათი ბინაზე გაწერის საკითხი. საუბარია როგორც 11 წლის ბიჭზე, ისე 4 წლამდე გოგონაზე. გოგონას თავიდანვე შენარჩუნებული ჰქონდა ცნობიერება. საჯაროდ არ არის საჭირო იმის ახსნა, რას იხსენებდა. ეს უშუალოდ ფსიქოლოგების კომპეტენციაა. ფსიქოლოგები ორივე ბავშვთან პირველივე დღიდან მუშაობენ და, ბუნებრივია, ამ პროცესს გააგრძელებენ. რაც შეეხება 11 წლის ბიჭს, მას დაზიანებული ჰქონდა ყურის გარეთა ნაწილი. უშუალოდ სასმენი აპარატი დაზიანებული არ არის. სმენის ამჟამინდელი პრობლემა სისხლის კოლტებით არის გამოწვეული. საბოლოო შეფასება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც გარეგანი ჭრილობები შეფასდება. ამ ეტაპზე სმენის დაქვეითების საფრთხე არ იკვეთება“, – აღნიშნა კახაბერ ჭელიძემ.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება. ამასთან, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაყვანილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.