23 ნოე 2026, 10:29
2ბათუმში, წმინდა თევდორე აჭარელის სახელობის ტაძარში, ჟესტურ ენაზე წირვა-ლოცვა პირველად აღევლინა. მსახურება სმენის არმქონე ადამიანებისთვის მამა კირილე ზაქარეიშვილმა ჩაატარა. სასულიერო პირმა ჟესტური ენის შესწავლა მეუფე დიმიტრის კურთხევით დაიწყო.
მამა კირილე ზაქარეიშვილმა ამ გამოცდილებისა და ჟესტურ ენაზე ჩატარებული მსახურების შესახებ გადაცემაში „ახალ დილაში“ ისაუბრა.
როგორც მამა კირილე ამბობს, თავდაპირველად სწავლის დაწყება გაუჭირდა, თუმცა მოგვიანებით, მეუფის შეხსენების შემდეგ, საქმეს უფრო აქტიურად შეუდგა. ლოცვების ძირითადი ნაწილი დაახლოებით ორ თვეში შეისწავლა, მთლიანად ჟესტური ენის შესწავლას კი დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა.
მისივე თქმით, ჟესტური ენის შესწავლის შემდეგ მის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.
„მადლობელი ვარ, პირველ რიგში, ჩვენი მღვდელმთავრისა, მეუფე დიმიტრის, რომ მისი წამოწყებაა. ალბათ, ორი წელია გასული, რაც მაკურთხა და მითხრა, რომ შეისწავლე ჟესტური ენა. პირველი ხანები ცოტა გამიჭირდა, იმიტომ რომ ვეძებდი საშუალებას, საიდან დამეწყო, როგორ დამეწყო. შემდეგ, როცა კიდევ შემახსენა მეუფე დიმიტრიმ, ორმაგი ძალით შევუდექი ამ საქმეს და ღვთის წყალობით, გვაქვს შედეგი სახეზე. მეუფეს რომ შევხვდი, პირველ რიგში ვუთხარი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ჩემთვის დაიწყო ახალი ცხოვრება, აღმოვაჩინე ჩვენი ახალი ოჯახი, ასე რომ ვთქვათ. ასეთი პატიოსანი ხალხი იშვიათად შემხვედრია - ძალიან გულთბილები, გულჩვილები და მართლები არიან“, - ამბობს მამა კირილე ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, ტაძარში ჟესტურ ენაზე ჩატარებულ მსახურებას მრევლი დიდი სითბოთი და სიყვარულით შეხვდა. მამა კირილე იხსენებს ერთ-ერთი ხანდაზმული ქალის ემოციურ რეაქციას, რომელმაც მსახურების დასრულების შემდეგ მადლობა გადაუხადა.
„ერთი ასაკიანი ქალი მოვიდა და მითხრა: მამაო, მადლობას გიხდი, 60 წლის უკან დამაბრუნეო. ვერ გავიგე, რას გულისხმობდა. მითხრა, ბავშვობაში ვსწავლობდი ჟესტურ ენას და მერე აღვიდგინეო. ახლა რომ გიყურებდი, ცრემლები მომდიოდაო, ჩემს ბავშვობაში დამაბრუნეო“, - იხსენებს სასულიერო პირი.
მამა კირილესთვის ჟესტური ენის შესწავლა მხოლოდ ახალი უნარის შეძენა არ ყოფილა. ამ ნაბიჯმა მას სმენის არმქონე ადამიანებთან ურთიერთობისა და მათი სულიერი ცხოვრების გაზიარების შესაძლებლობა მისცა. სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ჟესტური ენა კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაეხმარება, ტაძარში სრულფასოვან მრევლად იგრძნოს თავი.