ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მაესტრო მიშელ სონის მასტერკლასები გაიმართება

23 ნოე 2026

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, 23-24 ნოემბერს, ცნობილი ფრანგი პიანისტისა და მუსიკის პედაგოგის, მაესტრო მიშელ სონის საფორტეპიანო მასტერკლასები გაიმართება.

საგანმანათლებლო პროგრამა ახალგაზრდა მუსიკოსებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული გამოცდილება გაიზიარონ საერთაშორისო აღიარების მქონე მაესტროსგან, მიიღონ პრაქტიკული რჩევები და განავითარონ საშემსრულებლო უნარები.

მიშელ სონი ცნობილია მუსიკალური განათლებისადმი განსაკუთრებული მიდგომითა და საფორტეპიანო სწავლების საკუთარი მეთოდით, რომელიც მუსიკოსის ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მუსიკალურ ინტერპრეტაციასა და შემოქმედებით თავისუფლებას.

მასტერკლასებში მონაწილეობას მიიღებენ 10-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა პიანისტები, რომლებიც ორ ასაკობრივ კატეგორიად დაიყოფიან: A კატეგორია - 10–15 წელი და B კატეგორია - 16–25 წელი.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეასრულონ თავისუფლად შერჩეული, 10–15-წუთიანი მუსიკალური პროგრამა და მაესტროსგან ინდივიდუალური პროფესიული რეკომენდაციები მიიღონ.

მასტერკლასები 23 და 24 ნოემბერს, 10:00-დან 13:00 საათამდე, ბათუმში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გაიმართება.

საგანმანათლებლო მიმართულება ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. 

ფესტივალი, რომელიც ა(ა)იპ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის „ლირას“ ორგანიზებით იმართება, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას, საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირების გაძლიერებასა და საქართველოში მუსიკალური განათლების განვითარების ხელშეწყობას.