შსს: ფეისბუქგვერდ "პირველი ამბების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება

22 ნოე 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფეისბუქგვერდ „პირველი ამბების“ მიერ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია და ვიდეომასალა, რომ თითქოს ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის საყრდენი კედლების გამოცლის შედეგად, ასობით ადამიანი ნანგრევებში მოყვა, ხოლო 30 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

"კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, არ შეესაბამება რეალობას და საზოგადოებაში პანიკის გამოწვევას ემსახურება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „პირველ ამბებს“ სოციალუტ ქსელში არაერთხელ გაუვრცელებია სენსიტიური შინაარსის მქონე ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რითაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელებისას, არ დაეყრდნოს გადაუმოწმებელ წყაროებს და არ შეუწყოს ხელი დეზინფორმაციის გავრცელებას, რაც საზოგადოებაში უსაფუძვლო შიშისა და პანიკის გამოწვევის საფრთხეს ქმნის.