22 ნოე 2026
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დახურულ მოლაპარაკებებში უკრაინისთვის ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდა, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი დევიდ იგნატიუსი მოლაპარაკებებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პუტინი ასეთ გარანტიებს იმ პირობით ეთანხმება, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო ძალები არ განლაგდებიან. სანაცვლოდ, რუსეთი სანქციების შემსუბუქებას მიიღებს. თუმცა, თუ მოსკოვი უკრაინაში ახალი შეჭრის მოსამზადებლად სამხედრო ძალების კონცენტრირებას კვლავ დაიწყებს, შეზღუდვები აღდგება.
გამოცემის ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ასევე წამოაყენეს წინადადება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის საზღვრიდან უკან დაიხიონ, თუ რუსული ჯარი კვლავ დაიწყებს წინსვლას, უკრაინაში დაუყოვნებლივ განლაგდებიან ნატო-ს სამხედრო ძალები.
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი მიიჩნევს, რომ მხარეები დათმობებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავლენ, თუ მიიღებენ გარანტიებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ომი აღარ განახლდება
„საკვანძო სიტყვაა სიმეტრიული. როგორ უნდა უზრუნველვყო, რომ ნატო მშვიდობის გარანტი იყოს და არა რუსეთისთვის პროვოკაციის წყარო?“ – განაცხადა მოლაპარაკებებთან დაახლოებულმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ვაშინგტონ პოსტთან საუბრისას.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთი მშვიდად ეკიდება უკრაინისთვის ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას.
ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი კოლექტიური თავდაცვის პრინციპს ადგენს, რომლის მიხედვითაც ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმად განიხილება. ნატო-ს ისტორიაში ეს მუხლი მხოლოდ ერთხელ, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ამოქმედდა.