ირაკლი კირცხალია მოსკოვთან დიალოგზე: ნებისმიერ ფორმატში ვისაუბრებთ ერთი მთავარი დათქმითა და პირობით - როდესაც ჩვენ დავსხდებით და დავიწყებთ დეოკუპაციაზე მსჯელობით

22 ნოე 2026

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი დიალოგის რეგულარულობაზე ილაპარაკა.

მან აღნიშნა, რომ მოსკოვთან უფრო ღრმა დიალოგის წინაპირობა საქართველოს დეოკუპაციაზე მსჯელობა იქნება.

„როდესაც დიპლომატიური კუთხით რაიმე ურთიერთობაზეა ლაპარაკი, ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ნებისმიერ ფორმატში ვისაუბრებთ, ნებისმიერ რამეზე ვისაუბრებთ ერთი მთავარი დათქმითა და პირობით - როდესაც ჩვენ დავსხდებით და დავიწყებთ დეოკუპაციაზე მსჯელობით, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი. ეს ძალიან კარგად ვიცით ჩვენ და ძალიან კარგად იციან მათაც, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამას არ აღიარებენ“, - განაცხადა კირცხალიამ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა, 19 ნოემბერს, მინსკში პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან.