22 ნოე 2026
ევროკავშირში არჩევნების ინტენსიური პერიოდი იწყება. 2027 წლის ბოლომდე კენჭისყრა გაიმართება გაერთიანების ხუთი უმსხვილესი წევრიდან ოთხ ქვეყანაში: ესპანეთში, საფრანგეთში, პოლონეთსა და იტალიაში. გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ნაციონალისტური და ევროსკეპტიკური პარტიების მზარდი მხარდაჭერაა.
საარჩევნო ციკლი 29 ნოემბერს ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით დაიწყება. პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტურ კოალიციას დაუპირისპირდებიან კონსერვატიული „სახალხო პარტია“ და ულტრამემარჯვენე „ვოქსი“.
2027 წლის გაზაფხულზე საფრანგეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ლიდერობს ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ წარმომადგენელი მარინ ლე პენი.
2027 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პოლონეთშიც, სადაც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის მმართველ კოალიციას ნაციონალისტური პარტიები დაუპირისპირდებიან. იტალიაში კი პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი მეორე ვადით გამარჯვებას შეეცდება. მის პარტიას კონკურენციას უწევს უფრო მემარჯვენე პოლიტიკური ძალა.
საპარლამენტო არჩევნები ასევე დაგეგმილია ესტონეთში, ფინეთში, საბერძნეთსა და სლოვაკეთში, ხოლო გერმანიაში რეგიონული არჩევნები გაიმართება.
„გარდიანი“ თანახმად, ევროსკეპტიკური პარტიების უმეტესობა გაერთიანებიდან გასვლას აღარ მოითხოვს და ამის ნაცვლად ეროვნული მთავრობების უფლებამოსილების გაზრდას უჭერს მხარს.
გამოცემის მიერ მოყვანილი მონაცემებით, ულტრამემარჯვენე პარტიებს ამჟამად თითქმის ყოველი მეოთხე ევროპელი ამომრჩეველი უჭერს მხარს. ეს მაჩვენებელი 1990-იანი წლების შუა პერიოდთან შედარებით თითქმის ხუთჯერ გაიზარდა.
ევროპელი ანალიტიკოსები პოლიტიკური განწყობების ცვლილებას ეკონომიკური ზრდის შენელებას, ცხოვრების გაძვირებას, მოსახლეობის დაბერებას, საბიუჯეტო პრობლემებსა და მიგრაციის საკითხს უკავშირებენ.
„გარდიანის“ მიხედვით, არჩევნების შედეგებმა, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ევროკავშირის საბჭოში ძალთა თანაფარდობაზეც. ევროსკეპტიკური მთავრობების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა, გართულდეს გადაწყვეტილებების მიღება ევროკავშირის ბიუჯეტზე, გაფართოებაზე, უკრაინის დახმარებასა და თავდაცვის, ენერგეტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროებში ინტეგრაციის გაღრმავებაზე.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საფრანგეთის არჩევნებს. „გარდიანის“ ინფორმაციით, მარინ ლე პენის პროგრამა ითვალისწინებს ევროკავშირის ბიუჯეტში საფრანგეთის შენატანის 11 მილიარდი ევროთი შემცირებას, ეროვნული კანონმდებლობის პრიორიტეტის შესახებ საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარებასა და ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ზოგიერთი წესის გადახედვას.