22 ნოე 2026
ბელგიაში საყოველთაო გაფიცვის გამო 23 ნოემბერს ბრიუსელისა და შარლერუას საერთაშორისო აეროპორტებში ავიარეისების უმეტესობა გაუქმდება, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება.
გაფიცვას უერთდებიან საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლებიც, რომლებიც მთავრობის მიერ დაგეგმილ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებასა და ეკონომიკურ რეფორმებს აპროტესტებენ.
ბელგიის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის განცხადებით, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე მომსახურების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება. შედეგად, ქვეყნის მთავარ აეროპორტებში კომერციული ფრენები დღის უმეტეს ნაწილში შეჩერდება.
ამასთან, შარლერუას აეროპორტის ხელმძღვანელობამ საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახური დაგვიანებული შეტყობინების გამო გააკრიტიკა. აეროპორტის ადმინისტრაციის შეფასებით, საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლებმა ავიაკომპანიების, მგზავრებისა და თანამშრომლების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გამოავლინეს.
გავრცელებული ცნობით, შეზღუდვები ათასობით მგზავრსა და შარლერუას აეროპორტში დასაქმებულ დაახლოებით 3 400 ადამიანს შეეხება.
აეროპორტების ადმინისტრაციები მგზავრებს მოუწოდებენ, გამგზავრებამდე საკუთარი რეისის სტატუსი ავიაკომპანიასთან გადაამოწმონ.
23 ნოემბრის საპროტესტო აქცია ბელგიის წამყვანი პროფკავშირების ორგანიზებულია. ისინი პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერის მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას ეწინააღმდეგებიან. გაფიცვის გამო ბრიუსელში შეფერხებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც.