ზელენსკი: უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მოკავშირეებთან მოლაპარაკებების დღის წესრიგში რჩება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია, თუ რა პირობებით დასრულდება რუსეთთან ომი

21 ნოე 2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მოკავშირეებთან მოლაპარაკებების დღის წესრიგში რჩება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, როდის და რა პირობებით დასრულდება რუსეთთან ომი. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ნატო-ს საკითხი განიხილებოდა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე, მათ შორის საფრანგეთისა და სხვა მოკავშირეების ინიციატივით. უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მკაფიო გარანტია ნატო-ს წევრობაა. ამასთან, ნატო-ს გაძლიერების ყველაზე მნიშვნელოვანი გზა უკრაინის მიღება და მოკავშირეებს შორის ისეთი არმიის ყოლაა, როგორიც უკრაინის არმიაა. ეს ორივე მხარის ინტერესებშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთანაც მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ჯერ ნაადრევია საუბარი, გავხდებით თუ არა ნატო-ს წევრი, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი. ცხადია, უკრაინას ძალიან სურს ნატო-ში გაწევრიანება. გარდა ამისა, ეს ეკონომიკურად უფრო ხელსაყრელი ვარიანტია, რადგან ნატო-ს გარეშე ჩვენი მილიონიანი არმიის შესანარჩუნებლად აუცილებელია შესაბამისი რაოდენობის რაკეტების, არტილერიისა და ავიაციის ქონა, ასევე საკუთარი საჰაერო სივრცის დამოუკიდებლად დაცვის შესაძლებლობა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას ამერიკულმა მხარემ კიევს დაუსვა კითხვა, მზად არის თუ არა უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასის იმ ტერიტორიებიდან ჯარების გასაყვანად, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს.