ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, ტრამპთან და პუტინთან სამმხრივი შეხვედრა გამართოს

21 ნოე 2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სამმხრივი შეხვედრა გამართოს.

მისივე განცხადებით, უკრაინას სამიტზე მონაწილეობის ოფიციალური მიწვევა შეერთებული შტატებისგან ჯერ არ მიუღია.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ზელენსკიმ უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერმა ვაშინგტონს უკრაინის G20-ის სამიტზე მიწვევა შესთავაზა.

„რაც შეეხება G20-ს, ვიცი და ეს არაერთმა ლიდერმაც დამიდასტურა, რომ ამერიკულ მხარეს უკრაინის ოფიციალურად მიწვევა შესთავაზეს. ჩვენ ამერიკისგან ოფიციალური მიწვევა ჯერ არ მიგვიღია. რა თქმა უნდა, თუ მიგვიწვევენ, მონაწილეობას მივიღებთ. შეიძლება თუ არა G20-ის ფარგლებში ასეთი სამმხრივი შეხვედრის გამართვა? დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამერიკელი კონგრესმენების ნაწილმა უარყოფითად შეაფასა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიეწვია. თუმცა ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის გამართვას მხარდაჭერა ექნება.

„ვფიქრობ, თუ ტრამპი უკრაინასაც მიიწვევს, ვითარება გარკვეულწილად შეიცვლება, რადგან „დიდი ოცეულის“ ფარგლებში სამმხრივ შეხვედრას მხარს დაუჭერენ. ვისაც უნდა მოსწონდეს პუტინი, ვისაც უნდა არ მოსწონდეს, მეგობრობდეს მასთან თუ არა, თუ G20-ის ფარგლებში ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის ორგანიზების შესაძლებლობა არსებობს, დარწმუნებული ვარ, ამას ყველა მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი სამიტის ორგანიზების საკითხი ამჟამად განიხილება. თავდაპირველად სამი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებმა კონსულტაციები უნდა გამართონ, რათა შეხვედრის დღის წესრიგი და შესაძლო შედეგები მოამზადონ. ამის შემდეგ გაირკვევა, როდის და სად შეიძლება გაიმართოს სამიტი.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბერლინში გამართული შეხვედრის დროს ამერიკულმა მხარემ შობამდე კონკრეტული შედეგის მიღწევის სურვილი გამოთქვა.

„მე მათ ვუთხარი: შობამდე, რა თქმა უნდა. თუ უფრო ადრე შეგვიძლია, მოდით, უფრო ადრეც გავაკეთოთ. რაც უფრო მალე მივაღწევთ რაიმე შედეგს, მით მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.