21 ნოე 2026
ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიის მხრიდან მიმდინარეობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი წევრების სეგრეგაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ევრობიუროკრატია აგრძელებს იმ პრინციპების ნგრევას, რის გარშემოც სადამფუძნებლო ხელშეკრულებით შექმნა ევროკავშირი.
„თანასწორუფლებიანობა წარმოადგენს სწორედ იმ ღერძს, რა პრინციპის გარშემოც შეიქმნა თავის დროზე ევროკავშირი. დღეს ვხედავთ, რომ აშკარა სეგრეგაცია მიმდინარეობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი წევრებისა ევრობიუროკრატიის მხრიდან. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მიმართ იმგვარი მოთხოვნებია დადგენილი, რომლებიც პრაქტიკულად ანულირებას უკეთებს მათ უფლებას, დაიცვან საკუთარი თავი ამ ბლოკში. ევრობიუროკრატიამ ისე შეიძლება, მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული ქვეყნის მიმართ, რომ საერთოდ არც ჰკითხოს მათ არაფერი. ეს არის ის მოცემულობა, რაშიც ევრობიუროკრატია ცდილობს, დღევანდელ სიტუაციაში მოახდინოს უფლებრივი პრაქტიკულად დემონტაჟი იმ სისტემისა, რაც წარმოადგენს ევროკავშირის უძირითადეს პრინციპს – თანასწორობას. ეს თანასწორობა ინგრევა დღითიდღე სწორედ ევრობიუროკრატიის ხელით“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.