21 ნოე 2026
ვარშავაში გამართულ ენერგეტიკის მინისტერიალზე ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ამომწურავად გვესაუბრა იმ დადებით დინამიკაზე, რომელიც შეინიშნება ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში, ვისაუბრეთ 10-წლიან სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიაზე, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგეტიკის სექტორში სრულ თვითმყოფადობას 10 წლის თავზე, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, მინისტერიალის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო ახორციელებს.
„ჩვენს ქვეყანაში მოხდება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში იმისთვის, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიით ჩვენი შიდა მოხმარება სრულად დავაკმაყოფილოთ და შემდგომში განვაგრძოთ ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნებში. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ სტრატეგიული პროექტების შესახებ, რომელსაც საქართველო ახორციელებს, მათ შორის გადამცემ ხაზებსა და ქსელზე, ისევე როგორც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განსაკუთრებულ ღირებულებას საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების თვალსაზრისით.
„ის პირდაპირ დააკავშირებს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარს ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან და ჩვენ ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობა გვექნება“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.