21 ნოე 2026
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს.
როგორც სამძიმრის წერილშია ნათქვამი, ალიევი დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„პატივცემულო პრეზიდენტო, ღრმად შეგვძრა თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ გავრცელებულმა ცნობამ. ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე მთლიანად ქართველ ხალხს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, — აღნიშნულია ალიევის სამძიმრის წერილში.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.