მმართველი გუნდის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში - სხდომის დასაწყისშივე პოლიტიკური შინაარსის შეკითხვები განხილვიდან მოიხსნა

20 ნოე 2026

ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრით დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე მიმდინარე პროცესი. სხდომის დასაწყისშივე პოლიტიკური შინაარსის შეკითხვები განხილვიდან მოიხსნა.

პაექრობის ეტაპზე მოსარჩელე მხარეს ქვეყნის დამხობის მცდელობის ნაწილში წარდგენილი ბრალდებების განმარტება მოსთხოვეს. პასუხად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოიყვანეს.

თორნიკე ჭეიშვილის განმარტებით, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები და მისი დამხობის მცდელობა კონსტიტუციური წყობილების დამხობის კვალიფიკაციას იძლევა.

სხდომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გურამ შარაძის მკვლელობის საქმეს შეეხებოდა. ლევან ბეჟაშვილმა შუამდგომლობა დააყენა და საქმის პროკურორის მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

შუამდგომლობის განხილვას ნიკა გვარამიასა და სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. გვარამია ამტკიცებდა, რომ მტკიცებულებების სანდოობა სწორედ სასამართლო განხილვისას უნდა დადგინდეს და არა მოსამართლეთა პირადი შეფასებებით. რევაზ ნადარაიამ მისი გამონათქვამი არაკორექტულად მიიჩნია და რამდენჯერმე მოუწოდა სასამართლო სხდომაზე წესები დაეცვა.

სხდომის ხმაურიანი ეპიზოდი ზაზა ბიბილაშვილის გაძევებაც იყო. სასამართლოს თავმჯდომარის განმარტებით, მან მოსამართლეს საუბარი რამდენჯერმე შეაწყვეტინა და გაფრთხილებების მიუხედავად, წესრიგი არ დაიცვა. დღევანდელი განხილვისას მოსარჩელე მხარე კვლავ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში წარმოდგენილ ფაქტებსა და არგუმენტებს დაეყრდნო. ოპოზიციის შეკითხვები კი ძირითადად იმის გარკვევას ემსახურებოდა, რა კონკრეტული საფუძვლით ითხოვს ხელისუფლება პარტიების აკრძალვას და რა საფრთხეს უქმნის მათი საქმიანობა დემოკრატიულ და კონსტიტუციურ წესრიგს.

ოპოზიციას სარჩელის ავტორებთან კითხვები ისევ დარჩათ, მიღებული პასუხები კი მათთვის არადამაკმაყოფილებელია. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კითხვებს იწუნებენ და ამბობენ, რომ ოპოზიციამ ვერც პაექრობის შესაძლებლობა გამოიყენა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში ორშაბათს გაგრძელდება. პროცესის მომდევნო ეტაპზე კითხვებს მოსარჩელე მხარეს სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც დაუსვამენ.