პატრიარქი: მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, დიდია ჩვენი მწუხარება, განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი, გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს

20 ნოე 2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე სამძიმარს უცხადებს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

როგორც პატრიარქის სამძიმარის წერილშია ნათქვამი, ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა.

„მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა. დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია. ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა. მის მოწყალებას მივანდობთ ახლად შესვენებულთა სულებს და ლოცვით შევეწევით მათ. შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განუმტკიცოს რწმენა და მიმადლოს ძალა ამ ტკივილის დაძლევისა, დაშავებულთ კი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს. ღმერთმა გააძლიეროს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან სამი კლინიკებში რჩება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.