20 ნოე 2026
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 17.1 კმ-იანი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.
აღნიშნული მონაკვეთი სამტრედია–ზუგდიდის შემოვლითი გზის შემადგენელი ნაწილია. პროექტი ითვალისწინებს 17.1 კმ-იანი, ორზოლიანი საავტომობილო გზის, ოთხი სატრანსპორტო კვანძისა და ხუთი ხიდის მშენებლობას. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზა სოფელ ხამისკურთან იწყება და სოფელ ანაკლიაში სრულდება.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებმა მოამზადეს. ამასთან, დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ასევე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებმა შეიმუშავეს.
საზედამხედველო მომსახურება აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის მთავარი მიზანი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ძირითად სატრანსპორტო ქსელთან დაკავშირება და ტვირთების შეუფერხებელი გადაზიდვების უზრუნველყოფაა. პროექტის განხორციელება საქართველოს სატრანსპორტო ქსელს გააძლიერებს და „შუა დერეფანში“ ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურების ხანგრძლივობა მშენებლობის დაწყებიდან 24 თვე იქნება.
დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა არაუგვიანეს 2027 წლის 5 იანვრისა შეუძლიათ.