20 ნოე 2026
წლების განმავლობაში უფრო მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები, რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება, კულმინაცია იყო ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, 2025 წლის 4 ოქტომბერს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ჩვენ გუშინაც ვამბობდით, ახსნა-განმარტებაშიც და სარჩელშიც მითითებული გვაქვს, აქაც მითითებული იყო ეს ყველაფერი – მათ შორის, როდესაც კონკრეტულ განცხადებებზე, ძალადობრივი აქციების მხარდამჭერ განცხადებებზე ვსაუბრობდით, აქაც მითითებული იყო ეს ყველაფერი. სარჩელშიც ორ კონტექსტში არის. მაგალითად, ერთგან 2022-2025 წელი არის მითითებული და ხუთი დამხობის მცდელობაა, ამავდროულად, მეექვსე არის 2019 წელი. რომ შევაჯამოთ: 2019 წლის ივნისი, 2022 წელი, როდესაც პარტიები ღიად შეუერთდნენ დამხობის მცდელობას, როდესაც არაპარტიულმა პოლიტიკურმა აქტივისტებმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე უარის თქმის ხელოვნური საბაბით საქართველოს მთავრობის გადადგომა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს – ეს არაძალადობრივი ნაწილია. ძალადობრივი ნაწილი არის 2023 წლის გაზაფხულზე მიმდინარე მოვლენები“, – აღნიშნა გორდულაძემ.
მისივე თქმით, ყოველწლიურად და ზოგჯერ წელიწადში ორჯერაც კი, ოპოზიცია ცდილობდა, სულ უფრო მძიმე ძალადობრივი საშუალებებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება.
„შენ როდესაც არ ცნობ ხალხის გადაწყვეტილებას, ვგულისხმობ პარტიას – როდესაც პარტია არ ცნობს ხელისუფლების წყაროს, ხალხის გადაწყვეტილებას და არაფრად მიიჩნევს დემოკრატიის პრინციპს, რომ ხელისუფლება შესაძლებელია, შეიცვალოს მხოლოდ არჩევნების გზით, ითხოვს ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას და ამაში ჩართული უნდა იყოს პრეზიდენტი, რისი კომპეტენციაც მას არ აქვს, ესეც წყობილების და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
2023 წლის გაზაფხული, 2024 წლის გაზაფხული და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე ძალადობრივი აქციების გზით, ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობები. ამ წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა ფონი, მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები, რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება და ზოგადად კონსტიტუციური წესრიგი. ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქცია და ნახეთ, ეს როგორ იყო შეჭრის მცდელობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 2025 წლის 4 ოქტომბერს. ფაქტობრივად, ყოველწლიურად და წელიწადში ორჯერაც კი ხდებოდა მცდელობა, კიდევ უფრო მძიმე ფონით და მძიმე საშუალებებით, ძალადობის გამოყენებით, ხელში ჩაგდებულიყო კონსტიტუციური წყობილება და მთავარი პრინციპი, დემოკრატიის პრინციპი ფეხქვეშ გათელილიყო“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.