აჭარის 36 სკოლაში 64 ტონაზე მეტი ელექტრონარჩენი შეგროვდა - კამპანია სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება

20 ნოე 2026, 12:57

0
გაზიარება:

აჭარის 36 სკოლაში 64 ტონაზე მეტი ელექტრონული ნარჩენი შეგროვდა. კამპანია „ეკომეგობრული აჭარა“ მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ელექტრონული ნარჩენების სწორად მართვას ისახავდა მიზნად. პროექტში ჩართული იყო ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაც.

როგორც სკოლის დირექტორმა, მარიზა აბაშიძემ, გადაცეში „ახალი დილა“ განაცხადა, საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა თანატოლებსა და ოჯახის წევრებს ელექტრონული ნარჩენების სწორად მართვის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია თავად მიაწოდეს.

„ორკვირიანი ამ კამპანიის შემდეგ მოვაგროვეთ ძალიან დიდი რაოდენობით ტექნიკა. იქ იყო სარეცხი მანქანა, კომპიუტერი, თითქმის ყველა დარჩენილი ელექტრომოწყობილობა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ მოსწავლეებმა თემის შესახებ ცნობიერებაც აიმაღლეს, იმიტომ, რომ ოჯახის წევრებისთვის, ნათესავებისთვის მოუწიათ ამ ინფორმაციის მიწოდება“, - აღნიშნა მარიზა აბაშიძემ.

მისივე თქმით, პროექტმა მოსწავლეებს გარემოსდაცვითი უნარების განვითარებასთან ერთად კომუნიკაციისა და ურთიერთობის შესაძლებლობაც მისცა. სკოლის ეზოში ელექტრონული ნარჩენების შესაგროვებელი ყუთი კვლავ განთავსებულია.

კამპანიის შედეგებით ორგანიზატორებიც კმაყოფილი არიან. ასოციაცია „ვესტლესის“ თავმჯდომარის, გიორგი გულიაშვილის განცხადებით, 64 ტონაზე მეტი ელექტრონული ნარჩენის შეგროვებას არ ელოდნენ.

„პოზიტიურად ვარ გაოცებული, ძალიან კარგი შედეგი დაიდო. 64 ტონას ნამდვილად არ ველოდით, რომ ასეთი მაღალი ჩართულობა იქნებოდა. ამ კამპანიამ გამოიღო შედეგი. მთავარი იყო ის პროცესი, რომ ბავშვები იყვნენ ჩართული ამ ამბავში და ეს კამპანია თვითონვე ეწარმოებინათ“, — განაცხადა გიორგი გულიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კამპანიაში დაახლოებით 30 კომპანიაა ჩართული. ორგანიზატორები პროექტის გაგრძელებას გეგმავენ. აქტიურ სკოლებში, რომლებსაც ელექტრონული ნარჩენების შეგროვების სურვილი ექნებათ, ყუთები დარჩება. ამასთან, იგეგმება შეგროვების ინფრასტრუქტურის შექმნა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ქალაქებში.

„ჩვენ გვინდა, რომ თითოეულ ქალაქში, ამ ექვსივე მუნიციპალიტეტის ქალაქებში, შევქმნათ შესაგროვებელი ინფრასტრუქტურა, რომ საზოგადოების გარდა სხვა მოსახლეობასაც ჰქონდეს საშუალება, მივიდეს და ჩააბაროს ამ ტიპის ნარჩენები“, - აღნიშნა გიორგი გულიაშვილმა.

კამპანია „ეკომეგობრული აჭარის“ დასკვნითი ღონისძიება 28 ნოემბერს ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება. ფესტივალზე გამარჯვებულ სკოლებსა და მოსწავლეებს გამოავლენენ და დააჯილდოებენ. ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება და მისი მიზანი მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებაა.