20 ნოე 2026
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და პატიმრის წამებაში მსჯავრდებულს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს (მეტსახელად „ქილერას“), 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის მაისში, მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ პირს მოთხოვეს ეღიარებინა მონაწილეობა არარსებულ ტერორისტულ აქტებში და ჩვენება მიეცა სხვა სავარაუდო მონაწილეების წინააღმდეგ. უარის შემდეგ დაზარალებულს აყურებინეს სხვა პატიმარზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა და დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. პარალელურად, ალექსანდრე მუხაძე მას არაერთხელ გაუსწორდა ფიზიკურად. გარდა ამისა, საქმეში არსებული ჩვენებების მიხედვით, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ამ პირს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით დაწერა აღიარებითი ჩვენება არარსებულ ტერაქტებში მონაწილეობაზე, თუმცა, რადგან ის სრულად არ ჩათვალეს, პატიმარი აიძულეს, საკუთარი ჩვენება შეეჭამა. ამის შემდეგ მას სექსუალური ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს და კამერაზე გადაიღეს.
პატიმარი დაწესებულებაში არაერთხელ დაკითხეს და დაუპირისპირეს იმ პირებსაც, რომლებიც ე.წ. ტერაქტში თითქოსდა იყვნენ მხილებულნი. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირებისას მეგის ქარდავამ მას თავზე პისტოლეტი მიადო და დახვრეტის იმიტაცია გააკეთა. ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის კადრების გავრცელებისა და შემდგომი ფიზიკური ანგარიშსწორების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა, მოთხოვნილი აღიარებითი ჩვენებისთვის ხელი მოეწერა.
ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული მრავალჯერადი წამების გამო, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო მოხელის მიერ თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ წამებაში და სასჯელად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც, რის შემდეგაც ბრალდების მხარემ განაჩენი სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით გაასაჩივრა.
უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და ალექსანდრე მუხაძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრა.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მეგის ქარდავას, ოლეგ ფაცაციასა და ვიქტორ ყაჭეიშვილის მიმართ წარმოება ცალკეა გამოყოფილი და საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მეგის ქარდავა სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე უკვე მსჯავრდებულია და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.