20 ნოე 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.
დღევანდელი პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კითხვებს მოსარჩელე მხარეს დაუსვამენ.
საქმის განხილვა უკვე მესამე დღეა, პაექრობის ეტაპზეა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქმეს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით 21 ოქტომბრიდან განიხილავს.
როგორც თორნიკე ჭეიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ თავისი განცხადებებით დიდი ენთუზიაზმი გამოავლინა მედიატერორიზმის მიმართ და ძალადობრივი ქმედებების რომანტიზებასაც შეეცადა.
„ამავდროულად, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ წინა დღეებმა და მათ შორის, ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის არაკონსტიტუციური მისწრაფებები, ის არაკონსტიტუციური ბუნება, რომელიც გააჩნია კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, მის ამ სისტემაში, სტრუქტურაში შემავალ ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს.
მათ კიდევ ერთხელ გამოავლინეს ძალიან დიდი ენთუზიაზმი, მაგალითად, იმ საკითხთან მიმართებით, რასაც მედიატერორიზმი ჰქვია. გაკეთდა ისეთი განცხადებები, რომლებიც პირდაპირ აჩენს განცდას, რომ დღეს რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, დიდი სიამოვნებით გაიმეორებდნენ, მაგალითად, 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებულ ქმედებებს.
ზოგადად, მათი განცხადებები და მიდგომები წარმოაჩენს იმასაც, რომ ამ ძალას აბსოლუტურად დაკარგული აქვს ძირითადი უფლებების, როგორც უზენაესი ღირებულებების, აღქმა. ეს უფლებები კონსტიტუციით არის განმტკიცებული, თუმცა მათ ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომ კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელეს ეს უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური დანაწესი.
ასევე ვიხილეთ ძალადობრივი ქმედებებისა და აქციების რომანტიზების მცდელობა, რაც, ერთი მხრივ, ძალიან უსუსურად გამოიყურება, მეორე მხრივ კი, კვლავ ტოვებს შთაბეჭდილებას და გარკვეულ მოლოდინსაც აჩენს, რომ თუკი მათ ერთი წამით მაინც ჩაუვარდებათ ქვეყნის მართვის სადავეები ხელში, კიდევ ერთხელ დაატრიალებენ იმ ბოროტებასა და უბედურებას, რასთანაც საქმე გვქონდა 2004-2012 წლებში, როდესაც ქვეყანას „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივი, სადისტური რეჟიმი მართავდა“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.