19 ნოე 2026
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის ევროპელი მოკავშირეების შეხვედრას სატელეფონო ზარით ჩაერთო. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
ოთხი ევროპელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ტრამპმა მკვეთრად დააყენა საკითხი, რამდენად უნდა გააგრძელონ ევროპულმა ქვეყნებმა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე თანხების დახარჯვა.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ტრამპი ევროპელი მოკავშირეების შეხვედრას სატელეფონო ზარით ჩაერთო მას შემდეგ, რაც ჩინეთის ქალაქ შენჭენში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრა დაასრულა.
აშშ-ის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებს Air Force One-იდან დაუკავშირდა და უთხრა, რომ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
ამასთან, სამმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ტრამპმა მკვეთრად გამოხატა სკეპტიციზმი „მსურველთა კოალიციის“ მიერ უკრაინისთვის დამატებით მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფის მიმართ. ერთ-ერთი პირის თქმით, რომელიც საუბარს ესწრებოდა, ტრამპმა ლიდერებს განუცხადა, რომ ამ ომში ბევრი ადამიანი იღუპება და მათ უნდა შეწყვიტონ ამ კონფლიქტზე ფულის ფლანგვა.