19 ნოე 2026
ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს, აშშ კი მათ ამსუბუქებს, – ამ სათაურით სტატიას გამოცემა „ეკონომისტი“ აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ წელს ევროკავშირმა სასანქციო სიაში დაახლოებით 2 800 პირი დაამატა, მათგან 95% რუსეთიდანაა. ვაშინგტონმა კი რუსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე უფრო მეტი შეზღუდვა მოხსნა, ვიდრე ახალი დააწესა.
„ბატონი ტრამპი, კრემლის დიპლომატიური და კომერციული ჯილდოების დაპირებებით მოხიბლული, უკან იხევს. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განიხილეს რამდენიმე გარიგება, როგორიცაა რუსული ნავთობგიგანტის საერთაშორისო აქტივების გაყიდვა, ევროპაში რუსული გაზის გაყიდვების განახლება და რუსეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდისთვის სანქციების შემსუბუქება“, – წერს გამოცემა.
როგორც „ეკონომისტი“ აღნიშნავს, ევროპულ სანქციების სისტემას სერიოზული ნაკლოვანებები აქვს. გამოცემა ევროპულ სანქციებთან დაკავშირებულ ოთხ მთავარ პრობლემას ასახელებს:
ნელა მოქმედება: აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია სანქციების დაწესება აღმასრულებელი ბრძანებით, ხოლო ევროკავშირს 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.
განხორციელების სირთულე: ევროკავშირი კერძო სექტორისგან სანქციების დაუყოვნებლივ განხორციელებას მოითხოვს, მაგრამ მათი შესრულება ხშირად ჩამორჩება. სანქცირებული სუბიექტების ერთიანი, კონსოლიდირებული ევროკავშირის მონაცემთა ბაზა მოძველებულია.
შეზღუდული გავლენა: ევროპული სანქციები ძირითადად ევროკავშირის ფარგლებში მოქმედებს. ამასობაში, რუსული დიზელის საწვავის ექსპორტი ზაფხულიდან გაორმაგდა და ის იგზავნება არა აშშ-ში, არამედ ბრაზილიაში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, რომლებზეც ევროკავშირის ემბარგო არ ვრცელდება.
სუსტი სასჯელები: 2009 წლიდან აშშ-ის სააგენტოებმა სანქციების თითოეული დარღვევისთვის სულ მცირე 10 ბანკი დააჯარიმეს 500 მილიონი დოლარით ან მეტით. ამასობაში, ევროპისა და ბრიტანეთის ხელისუფლებამ მხოლოდ რამდენიმე საკრედიტო ინსტიტუტი დააჯარიმა და თითქმის არასდროს დააჯარიმა რამდენიმე მილიონ ევროზე მეტი ოდენობით.
„ეკონომისტი“ მიიჩნევს, რომ დემოკრატების მიერ კონტროლირებად ახალ კონგრესს თეორიულად შეუძლია იანვრიდან აშშ-სა და ევროკავშირის პოზიციების დაახლოება, თუმცა სწრაფი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.