ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პეკინი, მოსკოვი და ვაშინგტონი მზად არიან დღეს მიღებული სამშვიდობო დეკლარაციის პუნქტები სრულად განახორციელონ

19 ნოე 2026

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი აცხადებს, რომ პეკინი, მოსკოვი და ვაშინგტონი მზად არიან სამშვიდობო დეკლარაციის პუნქტები სრულად განახორციელონ.

მისივე თქმით, სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო, ხოლო ლიდერების მიერ მიღებული დეკლარაცია მსოფლიოს მშვიდობას მოუტანს.

„ეს იყო ისტორიაში პირველი შეხვედრა სამი ქვეყნის ლიდერებს შორის. მას დიდი მნიშვნელობა და ფართო გავლენა ჰქონდა და ისტორიაში შევა. შეხვედრა იყო გულწრფელი, მეგობრული და კონსტრუქციული. სამმა ლიდერმა მიაღწია კონსენსუსის სერიას და გამოაქვეყნა მშვიდობის დეკლარაცია მსოფლიოსთვის. მისი არსი ეხებოდა მსოფლიო მშვიდობის ერთობლივ დაცვას და მსხვილ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სტრატეგიული სტაბილურობის ხელშეწყობას“, – განაცხადა ვანგ ი-მ.

მისიე თქმით, პეკინი დეკლარაციის პუნქტების განსახორციელებლად მოსკოვთან და ვაშინგტონთან მუშაობას გააგრძელებს.

„მომავალში ჩინეთი იმუშავებს რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ამ შეხვედრაზე მიღწეული კონსენსუსის სრულად და ეფექტურად განსახორციელებლად, შეინარჩუნებს კომუნიკაციას და კოორდინაციას სამუშაო დონის არხებით და დაუღალავად გააძლიერებს ერთობლივ ძალისხმევას უკეთესი სამყაროს ასაშენებლად“, – აღნიშნა მან.

ვანგ ი-მ ასევე ისაუბრა ჩინეთში გამართულ APEC-ის სამიტზე და აღნიშნა, რომ მის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი თუ მრავალმხრივი შეხვედრა გაიმართა.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში, პრეზიდენტი სი ძინპინი ხელმძღვანელობდა ლიდერების არაფორმალურ შეხვედრას, დაესწრო APEC-ის აღმასრულებელი დირექტორების სამიტის გახსნის ცერემონიას, გამართა ორმხრივი შეხვედრები, უძღვებოდა ჩინეთის, რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებს შორის შეხვედრებს და ინტენსიურად ახორციელებდა მათ. შედგა თითქმის ოცი ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა.“- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს დონალდ ტრამპმა, სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა ოთხპუნქტიანი ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს.

ლიდერების ერთობლივი განცხადებით, ისინი იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ გაერო-ს რეფორმირებას. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ ნავთობპროდუქტების წარმოება გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად. ამასთან, ჩინეთის, აშშ-სა და რუსეთის ლიდერებმა მოუწოდეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ბოროტად არ გამოიყენოს თავისი იურისდიქცია.