19 ნოე 2026
9-საათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი გოგონა ამოიყვანეს. 5 წლამდე ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება. საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გაზის აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა, ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ კიდევ 6 ადამიანს.
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს თბილისის მერია სასტუმროებში გადაიყვანს.
როგორც ადგილზე მყოფმა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, ექვს სასტუმროში 100-ზე მეტი ადამიანი განთავსდება.
მისივე თქმით, შესაბამისმა სამსახურმა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, დაასრულა კორპუსის მდგრადობის შემოწმება.
„პრობლემურია მხოლოდ ორი სადარბაზო - უშუალოდ ის, სადაც აფეთქება მოხდა, და მის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი, მთლიანი კორპუსი, საცხოვრებლად ვარგისია და ადამიანებს შეუძლიათ, ცხოვრება გააგრძელონ.
თავდაპირველად გვქონდა მზაობა, რომ მთელი კორპუსიდან გაგვეყვანა 90 ოჯახი და სასტუმროებში განგვეთავსებინა, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის. საუბარია მხოლოდ 28 ოჯახზე - 100-ზე მეტ ადამიანზე, რომლებთანაც უშუალო კომუნიკაცია გვქონდა და ყველამ განაცხადა თანხმობა.
ეს ადამიანები სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდებიან. ჩვენი მხრიდან კი მათ გაეწევათ ყველანაირი საჭირო და აუცილებელი დახმარება“, - განაცხადა თბილისის მერმა.