ბესარიონ გუგუშვილი: „ნებისმიერი არეულობა საქართველოს უკან დაწევს და არ გამოვრიცხავ, რომ ომში ჩააბან, რაც ყველაზე საშიშია“,

19 ნოე 2026, 16:01

0
გაზიარება:

საქართველოს, პირველ რიგში, ჰაერი და სიმშვიდე სჭირდება... ნებისმიერი არეულობა კი ქვეყანას უკან დაწევს, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა პრემიერ მინისტრმა, ბესარიონ გუგუშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„საქართველო ასე თუ ისე ვითარდება, ცუდად, კარგად,  უფრო მეტი შეიძლება, ნაკლები შეიძლება, მაგრამ ვითარდება.  მე სტატისტიკას თვალს ვადევნებ საქართველოსას და ვხედავ, რომ ეკონომიკურად საქართველო ვითარდება. ზოგს მოსწონს, ზოგს – არა, მაგრამ ფაქტია, რომ ნელ-ნელა წინ მიიწევს. ნებისმიერი არეულობა საქართველოს უკან დაწევს და არ გამოვრიცხავ, რომ ომში ჩააბან, რაც ყველაზე საშიშია“, – განაცხადა ბესარიონ გუგუშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში დიდი ცვლილებები მიმდინარეობს, ომების პერიოდი ახლოვდება და გლობალური ბაზრების გადანაწილება ხდება.

„დიდი ძვრები ხდება მსოფლიოში, მსოფლიოს ეკონომიკაში. გაჩნდა ახალი ურჩხული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახით. გადანაწილება ხდება მსოფლიოს ბაზრების, დასუსტება ხდება ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკის. ამერიკა უკვე აღარ არის ის, რაც იყო – ირანს ვერ ერევა. ასე რომ, დიდი ცვლილებები ხდება და ამ ცვლილებების მიმდინარეობისას. განა არ სჯობია, მშვიდად და წყნარად ვიყოთ, დაველოდოთ, რა მოხდება და ცოტათი განვვითარდეთ კიდეც?“, – განაცხადა ბესარიონ გუგუშვილმა.