თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში, წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ დარღვევებზე საუბრისას, გახმაურებულ საქმეებზე მსჯავრდადებული მაღალჩინოსნების ჩამონათვალი წარადგინა

19 ნოე 2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა გრძელდება.

პროცესი დღესაც პაექრობის ეტაპზეა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში, წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ დარღვევებზე საუბრისას, ისეთ გახმაურებულ საქმეებზე მსჯავრდადებული მაღალჩინოსნების ჩამონათვალი წარუდგინა, როგორებიცაა გირგვლიანის, რობაქიძისა და ვაზაგაშვილის საქმეები.

ჭეიშვილმა მუხლობრივად მიმოიხილა "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულები და ისაუბრა თითოეულ ამ საქმეში ფიგურანტი პირებისთვის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დათა და ბაჩო ახალაიებისთვის წარდგენილ მუხლებზე.

''გადავდივარ მსჯავრდებულ პირებზე. დავით (დათა) ახალაია - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორი, გირგვლიანის და ბუხაიძის ეპიზოდში დამნაშავედ იქნა ცნობილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ სიყალბეში. მან ორგანიზება გაუწია მათ გატაცებას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას, შემდეგ კი საკუთარი და სხვა მონაწილეების პასუხისმგებლობისგან განრიდებას.

მეორე პირი - ივანე (ვანო) მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ სიყალბეში, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით და 341-ე მუხლით. მან ორგანიზება გაუწია მტკიცებულებების გაყალბებას და დაფარა დავით ახალაიას მონაწილეობა დანაშაულში.

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს ექს-პრეზიდენტი, დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით. განაჩენით დადგინდა, რომ წინასწარი უკანონო დაპირების შესაბამისად შეიწყალა ოთხი მსჯავრდებული და სასჯელები გაუნახევრა, რამაც მათი ვადამდე გათავისუფლება გახადა შესაძლებელი.

ასევე, აქვე არიან ბაჩანა, იგივე ბაჩო ახალაია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, მაშინდელი, გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებისთვის ციხეში უკანონო პრივილეგიების შექმნის გამო დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში'' - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.