ფონიჭალაში, ნანგრევებში მოყოლილ შვიდ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

19 ნოე 2026

ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება. საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გაზის აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა, ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ შვიდ ადამიანს. მათ შორის არიან მცირეწლოვნები.

ადგილზე დილიდან მობილიზებულია ყველა უწყება.

ფონიჭალაში იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერი და შინაგან საქმეთა მინისტრი.

"ფონიჭალაში სამწუხარო ფაქტი მოხდა დღეს დილით, აფეთქება, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი აირის გაჟონვით, ამ წუთში მიმდინარეობს სამძებრო-საძიებო სამუშაოები, შვიდ ადამიანს ეძებენ, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური, ადგილზეა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა უწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთობლივად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებების და სამუშაოების გატარება.

''პარალელურად მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. ჩვენ მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მცხოვრებლებს, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ. თუ ამის საჭიროება იქნა, ეს გვეცოდინება შემოწმების შემდეგ, როდესაც მუნიციპალური ლაბორატორია დაამთავრებს სამუშაოებს. ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება რეალურად, რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება საჭირო'' – განაცხადა კალაძემ.