19 ნოე 2026
დღეს ერთმანეთის გვერდით სხდომით ისტორიას ვქმნით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, ის, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვით „ნამდვილად ისტორიას ქმნიან“.
„ჩვენ, სამივეს ბევრი რამ გვაქვს განსახილველი და, როგორც მსოფლიოს სამი უდიდესი ქვეყნის პრეზიდენტებს, უკვე არაერთ საკითხზე გვიმსჯელია. ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია, შევინარჩუნოთ ღია, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული და პროდუქტიული დიალოგი იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს ხალხებზე, არამედ მთელ პლანეტაზე“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ძველი ლიდერები იმის გამო, რომ ისინი თავს არიდებდნენ იმ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს, „რომლებთანაც უთანხმოება ჰქონდათ“.
„ჩვენ საპირისპირო მიდგომა გვაქვს. არცერთი პრობლემა არასდროს გადაჭრილა ძველი მიდგომით, მათზე საუბარზე უარის თქმით“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მისივე თქმით, ეს „ისტორიული სამიტი“ აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, „მოძებნონ ახალი შესაძლებლობები და მიდგომები“ მთელი რიგი „ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების“ გადასაჭრელად.
„ამ ოთახში მყოფმა ყველა ადამიანმა იცის და იმედია, რომ შევქმნით უკეთეს მომავალს ყველა ჩვენგანისთვის. მსოფლიოს სამი უდიდესი ბირთვული სახელმწიფო – ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი – განსაკუთრებულ შესაძლებლობას ფლობენ, იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დედამიწაზე ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირება“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბირთვული განიარაღება და საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ბირთვულ იარაღზე უარის თქმა „ძალიან რთულია“. ტრამპმა უკრაინის ომის საკითხიც ახსენა და განაცხადა, რომ ამ თემაზე მას და პუტინს დღეს, მანამდე „ხანგრძლივი საუბარი“ ჰქონდათ.