ბათუმის ბულვარი რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

19 ნოე 2026, 14:12

2
გაზიარება:

ბათუმის ბულვარში 20 ნოემბერს რიგით მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია - „რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“ გაიხსნება. ორდღიანი ღონისძიება ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს, ადგილობრივი უწყებებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს გააერთიანებს. კონფერენციის მიზანი რეკრეაციული სივრცეების მართვის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე მიდგომების დანერგვაა.

კონფერენციის მნიშვნელობაზე, ბულვარში განხორციელებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე აჭარის მაუწყებლის გადაცემაში „ახალი დილა“ ბათუმის ბულვარის დირექტორმა არჩილ ანთაძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება გამწვანების თანამედროვე ტენდენციებზე, ბიომრავალფეროვნების გაჯანსაღებასა და განახლებაზე. მონაწილეებს ასევე ბულვარში მოწყობილ ახალ რეკრეაციულ სივრცეებს გააცნობენ.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რადგან ხდება გამოცდილებების გაზიარება, სხვადასხვა ინოვაციების დანერგვა და აღნიშნული ინოვაციების გადმოტანა ჩვენი პარკის სამართავად. ბათუმის ბულვარი კულტურული, დიდი ისტორიის მქონე ძეგლი გახლავთ, რომლის მოვლა-პატრონობა მუდმივ განახლებას და ახალი ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს. მოხდება ამ რეკრეაციული სივრცეების და პარკების გაცნობა და შემდგომში მათი ინოვაციების დანერგვა, რათა განვითარდეს და უფრო მრავალფეროვანი გახდეს ბათუმის ბულვარი“, - აღნიშნა ბათუმის ბულვარის დირექტორმა.

არჩილ ანთაძის განცხადებით, კონფერენციის მეორე დღე პრაქტიკულ ვორქშოფს დაეთმობა, რომელშიც ბულვარის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები და დარგით დაინტერესებული სხვა უწყებების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. მონაწილეები გაეცნობიან ბულვარში განხორციელებულ სამუშაოებს, მათ შორის, მწვანე ნარგავების განთავსებისა და ისტორიული ხეების მოვლა-პატრონობის მიმართულებით არსებულ გამოცდილებას.

"ჩვენ ვქმნით ბულვარს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. უცხოური გამოცდილებების გაზიარების გარეშე თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება შეუძლებელია. ამიტომ აღნიშნული პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე მათთვის, რადგან ჩვენ გავაცნობთ ჩვენს ბულვარში განხორციელებულ იმ სიახლეებს, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ განხორციელებულა“, - განაცხადა არჩილ ანთაძემ.

მისივე თქმით, ბულვარის განვითარება მომავალშიც გაგრძელდება ისე, რომ შენარჩუნდეს მისი ისტორიული იდენტობა და შეიქმნას თანამედროვე, კომფორტული გარემო როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვის.

„ბულვარი უახლოეს წლებში იქნება განვითარებული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ და ეს თანმდევი პროცესია, იმიტომ რომ სიახლეებს სჭირდება დრო და მაქსიმალურად მოკლე დროში იმ თანამედროვე სტანდარტებს დავახვედრებთ ჩვენს მოქალაქეებს, რათა არ დაირღვეს ბათუმის ბულვარის ისტორიული იდენტობა და ამავდროულად გვქონდეს თანამედროვე კომფორტული და მიმზიდველი გარემო“, - აღნიშნა ბათუმის ბულვარის დირექტორმა.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სპეციალისტები ბულგარეთიდან, ესპანეთიდან, ფინეთიდან და თურქეთიდან.