19 ნოე 2026
ევროპარლამენტის მემარჯვენე და კონსერვატორი დეპუტატები ევროკავშირის გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების ლობისტური საქმიანობის დაფინანსების აკრძალვას მოითხოვენ. როგორც გამოცემა POLITICO წერს, შესაბამისი რეკომენდაცია ევროპარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშის პროექტშია ასახული. დოკუმენტი ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემის პროცესის ერთწლიან მოკვლევას ეფუძნება. ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის სახსრების ლობისტური მიზნებით გამოყენება ინტერესთა კონფლიქტის რისკს ქმნის.
დეპუტატები ასევე გრანტების გაცემის პროცესის გამჭვირვალობასა და თანხების ხარჯვის კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ. ანგარიშის პროექტი ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტს განსახილველად წარედგინება.
აღნიშნულ საკითხს მმართველ გუნდში ეხმიანებიან.
''დღეს ისინი აღიარებენ ფაქტობრივად, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაიცვან დემოკრატიები საკუთარ ქვეყანაში. მაგრამ, პარალელურად, ისინი ბოდიშს არ უხდიან საქართველოს იმ უსამართლო მიდგომების გამო, რომელსაც ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კადრულობდნენ და ამით ამავდროულად, ახალისებდნენ ძალადობას საქართველოში. შესაბამისად, ეს ორმაგი სტანდარტი დარჩება ისტორიას, როგორც სირცხვილი, და შესაბამისად, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ კიდევ ბევრი შეგვიძლია ვუთხრათ და ვასწავლოთ მათ'' - აცხადებს რატი იონათამიშვილი.