19 ნოე 2026
ფონიჭალაში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მუნიციპალური სამსახურები, პროაქტიულად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები. ოთხი პირი გამოყვანილია ნანგრევებიდან და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში, მათგან ერთის მდგომარეობა, სამწუხაროდ, მძიმეა, თუმცა ყველანი კონტაქტურები არიან, ასევე მიმდინარეობს შვიდი პირის სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მათი ადგილსამყოფელის დადგენა, შვიდი პირია უგზო-უკვლოდ, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უბედური შემთხვევის შედაგად უგზოუკვლოდ დაკარგულია შვიდი პირი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.
„შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსახლეობა, ვაგრძელებთ სამაშველო ღონისძიებებს. დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც ყურის მიდამოში აქვს დაზიანება, თუმცა კონტაქტურია და მძიმე დაზიანება არ უნდა იყოს. სამაშველო ღონისძიებების პირობებში გადმოიხარა საყრდენი კედელი და, შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებების პროცესი შეჩერდა. ნგრევის საფრთხე რეალურად არსებობს აფეთქების მიზეზი და კერა უშუალოდ იდენტიფიცირებულია და ეს არის გაზის გამათბობლის გამო. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გაზის გამათბობლის ჩართვას ღამე. ის კონტაქტურია და თვითონ გვიყვება ამბავს, რომ ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე და დილით ისევ ვცადე ჩართვა, შემდეგ კი მოხდა აფეთქებაო. ეს არის ამ დრომდე, რაც შემიძლია გითხრათ“, – განაცხადა თამაზაშვილმა.