ჩინეთში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს

19 ნოე 2026

შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.

„ჩვენ შეხვედრასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი გვაქვს. წლებია, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ და, ვფიქრობ, ამისგან ბევრი მშვენიერი რამ შეიძლება, გამოვიდეს, ან, სულ მცირე, დაიწყოს. მაგრამ მგონია, რომ გამოვა კიდეც. მოგვიანებით მეორე შეხვედრაც გვექნება, როგორც იცით. მაგრამ ამას ახლა გავმართავთ და შესანიშნავი იქნება“,- აღნიშნა დონალდ ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე.

სამიტზე უკვე იმყოფება ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი.

„ღია თანამშრომლობა აზია-წყნარი ოკეანის განვითარებისა და აღორძინების უცილობელი გზაა. ჩვენ თანდათან უნდა გავაღრმავოთ ეკონომიკური ინტეგრაცია და შევქმნათ თანამშრომლობის ისეთი მოდელი, რომელიც ღიაა და აერთიანებს, და არა გამორიცხავს ან ყოფს“,- აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა სამიტზე საუბრისას.

თავს მხრივ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას , დონალდ ტრამპმა სამმხრივ შეხვედრას „ისტორიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ მას მოუთმენლად ელოდება.

ვლადიმერ პუტინმა კი რეგიონთან ვაჭრობის ზრდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ამ რეგიონის განუყოფელი ნაწილია.

„ჩვენ რეგიონის განუყოფელი ნაწილი ვართ და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს მის ეკონომიკურ კეთილდღეობაში. რუსეთი რეგიონს ენერგიას, მარცვლეულის დიდ მოცულობასა და მინერალურ სასუქებს აწვდის. ამით ჩვენ მნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს რეგიონის ენერგო და სასურსათო უსაფრთხოებას. ჩვენი სავაჭრო პარტნიორები ყოველთვის დაეყრდნობიან ჩვენი მიწოდების საიმედოობას, მაღალ ხარისხსა და სტაბილურობას “, – აღნიშნა პუტინმა.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერი პუტინის შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამასთან, სამიტის ფარგლებში, სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ერთობლივი შეხვედრაა დაგეგმილი. იქამდე, ჩინეთის პრეზიდენტი აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს ცალ-ცალკეც შეხვდება.