18 ნოე 2026
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე "მთავარის" ეთერში ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, 2026 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა იყო.
ხელვაჩაურის მერის განცხადებით, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 121 ეკომიგრანტ ოჯახს უკვე გადაეცა ახალი ბინები, იანვრიდან კი ხუთი განახლებული და ახალაშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნება:
"რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ადრეა წლის შეჯამებამდე, თუმცა არც ისე დიდი დრო დარჩა იმისათვის, რომ ჩვენ წინასწარი პროგნოზები გავაკეთოთ, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს მიმდინარე, 2026 წელი.
მოგეხსენებათ, რომ 2026 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ დოკუმენტს როდესაც ვამტკიცებდით, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში იმ ძირითადი გამოწვევების და პრობლემების მოგვარება და პროექტების განხორციელება, როგორიც არის სოციალური სახლების მშენებლობა ეკომიგრანტებისათვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ბაღების მშენებლობის სახით და მოხარული ვარ, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, 13 რიცხვში ჩვენ 121 ეკომიგრანტ ოჯახს სრულად გარემონტებული თანამედროვე სტანდარტების ბინები გადავეცით, ეს უკვე მათი საკუთრებაა და მე მათ მინდა მივულოცო, ისინი 2027 წელს უკვე მათ საცხოვრისებში, ახალ ბინებში შეხვდებიან. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, სრულიად ჩვენს გუნდს, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტების განხორციელებაში.
თუნდაც კაპიტალური ტრანსფერის სახით, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, რომ მუნიციპალიტეტების დონეზე განხორციელდეს მსგავსი პროექტები. უკვე მესამე სოციალური კორპუსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, კარკასული ნაწილი დასრულებულია სოფელ ქვედა სალიბაურში, რომელიც 2028 წლისთვის უკვე 114 ოჯახს გადაეცემა.
თუმცა სოციალურ კორპუსებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა, მაგალითად, საბავშვო ბაღების მშენებლობა. მიმდინარე წელს უკვე ორი საბავშვო ბაღი აშენდა, ერთი განთიადში და მეორე ერგეში, ბაღების მშენებლობა დასრულებულია, რამდენიმე კვირის შემდეგ კი, როდესაც იქნება შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი, ეს ბაღები გაიხსნება და სოფელ ერგეში 200 აღსაზრდელზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი იქნება. ასევე სოფელ განთიადშიც ბაღთან ერთად იფუნქციონირებს მუსიკალური სკოლა, მუნიციპალური სერვისების ოფისი, მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნება ბავშვებთან ერთად იმ ტერიტორიით ისარგებლონ, რაც რეკრეაციულ სივრცეს გულისხმობს.
ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელსაც ასევე უახლოეს კვირებში გავხსნით შესაბამისი ინვენტარის აღჭურვის შემდეგ. შესაბამის ინვენტარს კი ველოდებით შემდეგი თვის დასაწყისში. იანვრის ახალი სააღმზრდელო სეზონიდან, ხუთი ახალი, რეაბილიტირებული ბაღი და ახალაშენებული ბაღი შეუდგება ფუნქციონირებას,"- განაცხადა ხელვაჩაურის მერმა ზაზა დაისამიძემ.