18 ნოე 2026
მსოფლიოს სამი პოლიტიკური ლიდერი ჩინეთში ისტორიული შეხვედრისთვის ემზადება. დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი 19 ნოემბერს ერთ მაგიდასთან დასხდებიან.
მთავარ საკითხებად სახელდება ბირთვული იარაღის კონტროლი და შემცირება, ასევე გლობალური უსაფრთხოება და მიმდინარე კონფლიქტები. შენჟენში დიპლომატიური აქტივობა უკვე დაიწყო. ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები.
ვლადიმერ პუტინი ხვალინდელი შეხვედრისგან დიდ პოლიტიკურ სარგებელს ელოდება და განაცხადა, რომ გლობალური ეკონომიკა დაქსაქსულია, ხოლო მსოფლიოში სამხედრო და პოლიტიკური რისკები იზრდება.
ჩინეთის ლიდერმა თავისუფალი და ღია ვაჭრობის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ლიდერები ინოვაციების გზით ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობასა და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებსაც განიხილავენ.
მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის ინფორმაციით უკრაინის ომი სამმხრივი შეხვედრის ოფიციალურ დღის წესრიგში არ შედის კიევი ჩინეთში მიმდინარე პროცესებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათთვის ჩინეთში დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრაზე მთავარი საკითხია, ხომ არ გახდება ომისა და ქვეყნის მომავლის ბედი სამი დიდი სახელმწიფოს შეთანხმების საგანი უკრაინის მონაწილეობის გარეშე.
შენჟენი ხვალ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. გახდება თუ არა ისტორიული შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი ეტაპის დასაწყისი, ამ კითხვას პასუხი მრგვალ მაგიდასთან გაეცემა.