ყოფილ პოლიციელებს, რომლებმაც ქობულეთში დაკავებულ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, 6-6 წლით პატიმრობა მიესაჯათ

18 ნოე 2026

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამი ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ქობულეთში მივლინებით მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა 2022 წლის ივლისში, სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, სამი ადამიანი პოლიციის შენობაში გადაიყვანა, სადაც მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულები 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ.

სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების ჩამორთმევა განუსაზღვრა.