იტალიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ჰიბრიდული საფრთხეებისგან თავდაცვის გასაძლიერებლად ქვეყანა მომდევნო რამდენიმე წელიწადში 6 მილიარდი ევროს ინვესტირებას აპირებს

18 ნოე 2026

იტალია ჰიბრიდული საფრთხეებისგან თავდაცვის გასაძლიერებლად მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში 6 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს. გადაწყვეტილება კიბერშეტევების, სკოლებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებებისა და თანამდებობის პირთა პირადი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევებს უკავშირდება.

როგორც იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა, 2019 წელს ჰიბრიდული საფრთხეებისგან თავდაცვისთვის 126 მილიონი ევრო გამოიყო, 2025 წლისთვის კი ეს თანხა 557 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

„2026-2028 წლების პერიოდისთვის თითქმის 2 მილიარდი ევრო გვაქვს დაგეგმილი, რაც წინა სამწლიან პერიოდთან შედარებით დაახლოებით 40%-ით მეტია. მომდევნო წლებში ამ მიმართულებით 6 მილიარდ ევროზე მეტი გამოიყოფა“, – განაცხადა კროზეტომ.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჰიბრიდული და კონვენციური ომებისგან თავდაცვას შორის ზღვარი აღარ არსებობს.

„ამას უკრაინა ადასტურებს. სანგრები, დრონები, თანამგზავრები, ქსელები და კიბეროპერაციები – ეს ყველაფერი ერთისა და იმავე ომის ნაწილია. კავშირი თუ წყდება, ამის საფასურს ადგილზე მყოფი სამხედროები იხდიან. არსებობს მხოლოდ ერთი ომი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მას სრულად გავუმკლავდეთ“, – აღნიშნა კროზეტომ.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში იტალიაში ასობით სკოლაში აფეთქების მუქარის შემცველი წერილები მიიღეს. 300-ზე მეტი სკოლიდან მოსწავლეთა ევაკუაცია განხორციელდა.