18 ნოე 2026
ევროკომისიის ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესებულია. 2026 წლისთვის ეკონომიკური ზრდა 7.3%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც საგაზაფხულო პროგნოზთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით მეტია.
2027-2028 წლებშიც ევროკომისია საქართველოს ეკონომიკის 5.5-6%-იან ზრდას პროგნოზირებს.
ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში მთავარი წვლილი კერძო მოხმარებას შეაქვს, მნიშვნელოვანი ფაქტორია ინვესტიციებიც.
ევროკომისიის მიერ გაუმჯობესებულ პროგნოზებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, პროგნოზების გაუმჯობესება ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული, სწორი და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის აღიარებაა.
„მთავრობა, ერთი მხრივ, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, მეორე მხრივ კი ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ კერძო სექტორის განვითარებას, რისთვისაც არაერთი სახელმწიფო პროგრამა გვაქვს. მესამე მიმართულება სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაა, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას.
ეს არის საქართველოს მთავრობის სწორი, თანმიმდევრული და მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკის აღიარება, რაც ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის მაკროეკონომიკურ შედეგებზე აისახება“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.