18 ნოე 2026
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საქმის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.
სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის ეტაპზე გადავიდა. სხდომის მიმდინარეობისას მოსარჩელე მხარის ერთ-ერთმა შეკითხვამ - ჰყავს თუ არა საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება, არჩევნების გზით არჩეული პარლამენტი და კონსტიტუციური პროცედურებით ფორმირებული მთავრობა - მხარეებს შორის კამათი გამოიწვია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაზა ბიბილეიშვილმა აღნიშნული შეკითხვა გააპროტესტა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, კითხვა პოლიტიკური ხასიათისაა და მისი მიზანი „მახის დაგებაა“, ხოლო ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარება-არაღიარება პოლიტიკური შეფასების საკითხია.
კითხვა-პასუხის ეტაპამდე მოსარჩელე მხარემ პლენუმს მტკიცებულებები წარუდგინა.
არჩილ გორდულაძემ ხუთივე ოპოზიციური პარტიის ლიდერების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, გიორგი გახარიას, ელენე ხოშტარიასა და ლევან ხაბეიშვილის, საჯარო განცხადებები წაიკითხა. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ეს განცხადებები 2023–2025 წლებში გამართულ ძალადობრივ საპროტესტო აქციებს ახალისებდა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, აქციებზე ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას იმ პირების გათავისუფლება წარმოადგენდა, რომლებმაც სამართალდამცველებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ.
მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ მოპასუხე მხარემ ანალოგიური უფლებით სარგებლობა და კონკრეტულ განცხადებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა მოითხოვა. სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, განმარტა, რომ მხარე თავისუფალია ფაქტების დემონსტრირებაში, თუმცა ამ ეტაპზე მათ მხოლოდ საკუთარი მოსაზრებები უნდა დააფიქსირონ.
მოსარჩელე მხარემ ასევე დასვა კითხვები იმის შესახებ, იყო თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმური და დაარღვია თუ არა მას კონსტიტუცია.