მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა

18 ნოე 2026

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.

შეხვედრა ვიცე-პრემიერის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი რეგიონული პროექტები.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის წარმატებულ პარტნიორობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განვითარებაში.

საუბარი შეეხო სავაჭრო ბრუნვის ზრდის პოზიტიურ დინამიკას, რომელიც 2026 წლის 9 თვის მონაცემებით 14%-ით გაიზარდა და 1.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სფეროებში პარტნიორობის გაძლიერებას, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტსა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.