შალვა პაპუაშვილი: ევროპას და აზიას ერთმანეთთან საქართველოს ხიდი აკავშირებთ, ბრუსელის ბიუროკრატია როდესაც საქართველოს ებრძვის, ამ ხიდის დაწვას ცდილობს

18 ნოე 2026

ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა. როდესაც მინისტრიალია, იქ მინისტრი უნდა მიიწვიო, მოსაწვევის გაგზავნა ელჩისთვის ან აპარატის უფროსის მძღოლისთვის, მიწვევა არ არის. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენ მოწვევა არ მიგვიღია, – ამის შესახებ პარამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საუბარია დაკავშირებადობაზე, შუა დერეფანზე და საუბრობენ საქართველოზე საქართველოს გარეშე, ეს იმ პრინციპის დარღვევაა, რომელსაც რუსეთისგან ითხოვენ.

„გვსმენია მათი განცხადებები, რომ არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, არაფერი ევროკავშირზე ევროკავშირის გარეშე. მაშინ კითხვა ისმის, რატომ უნდა ისაუბრონ საქართველოზე, საქართველოს გარეშე? ამ შემთხვევაში, ეს მათი რუსული მიდგომაა, რასაც რუსეთს ედავებიან ამერიკის მოლაპარაკებების დროს? ყველაფერი მათ არათანმიმდევრობას და ფარისევლობას აჩვენებს. მიუღებელია, როდესაც ბრუსელის მოწვევით იკრიბებიან ადამიანები და საუბრობენ საქართველოზე საქართველოს გარეშე. ეს ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა და ჩვენი სუვერენიტეტის შეუმჩნევლობით გადაწყვეტილების მიღებაა. საგარეო პოლიტიკას, რომელსაც ქალბატონი კალასი ხელმძღვანელობს, არის უმწიფარი, ქედმაღლური და კონფრონტაციული. ასეთ საგარეო პოლიტიკას რომ აწარმოებს, ამიტომაცაა, ევროკავშირმა არც კი მიუშვა რუსეთთან მოლაპარაკებებში. დუბლინში გამოვიდა და თქვა, მე ვარ საგარეო წარმომადგენელი და უნდა ვიყო მარტო წარმომადგენელიო. მარტო კი არა, ჯგუფი შექმნეს, სადაც ევროკავშირისა და ევროკომისიის პრეზიდენტები შედიან, ასევე ხუთი ქვეყანა და ამ შვიდკაციან ჯგუფშიც კი არ შეიყვანეს საგარეო წარმომადგენელი. იმ მოლაპარაკებების ჯგუფში არ შეიყვანეს, რომელიც ევროპის საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოებას ეხება. კაია კალასმა საკუთარი კოლეგების მხრიდან ამას მიაღწია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, კაია კალასს და ზოგიერთ ბიუროკრატს არ აინტერესებთ, როგორ ზიანდება ევროკავშირი, მათ საკუთარი წარმოდგენა, გეგმა, მიზნები აქვთ და ასე მუშაობენ.

„ესტონეთში პრემიერ-მინისტრობის დროს კალასმა საკუთარი მინისტრი საქართველოში მიტინგებში მონაწილეობის მისაღებად გამოუშვა და მას ახლა რა უნდა ავუხსნათ? მას საქართველოს მიმართ საკუთარი დამოკიდებულება აქვს. სამწუხაროდ, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ კონფრონტაციული დამოკიდებულება აქვს და აქედან გამომდინარე უყურებს ყველაფერს. არ აინტერესებს, რა გაფუჭდება და გაკეთდება. შუა დერეფანსა და დაკავშირებადობაზე თუ ვსაუბრობთ, წარმოიდგინეთ, ორ კუნძულს – ევროპას და აზიას ერთმანეთთან საქართველო, საქართველოს ხიდი აკავშირებს. როდესაც საქართველოს ბრუსელის ბიუროკრატია ებრძვის, ამ ხიდის დაწვას ცდილობს. აქედან დასკვნა, რამდენად სერიოზულად შეგვიძლია, განვიხილოთ ბრუსელის ის ბიუროკრატები, რომლებიც მათთვის სასარგებლო ხიდს წვავენ“, – განაცხადა პარლამანტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ბრუსელის ბიუროკრატია დღეს შუა დერეფნის ხიდს წვავს, რომლის მთავარი ნაწილი საქართველოა.

„ამას საკუთარ თავს უკეთებენ. პრობლემა ხიდში არ არის, პრობლემაა იმ ნაპირში, რომელიც ახლა ცდილობს, თავისი მხრიდან ეს ხიდი დაწვას. ხიდები რომ დაიწვება, ისინი დაზიანდებიან. ევროკავშირი ჩვენ არაფერთან არ გვაკავშირებს, ჩვენ ვაკავშირებთ აზიასთან. ევროკავშირი არავისთან არ გვაკავშირებს, თავისთავის გარდა. როდესაც აზიასთან საკუთარ ხიდებს წვავენ, დაზიანდებიან, მათთან გაზი რომ გაძვირდება, ცხოვრების დონე გაძვირდება და ეკონომიკური ზრდა რომ დაიწევს – მერე აბრალონ რუსეთს, მაგრამ სადამდე უნდა აბრალონ რუსეთს? საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, რადგან ხიდებს წვავენ, რომელიც მათ ეკონომიკურად აკავშირებს სხვადასხვა გეოპოლიტიკურ არეალთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.