18 ნოე 2026
საქართველო აქტიურად მონაწილეობს „შუა დერეფნის“ განვითარებაში, ძირითადი აქცენტით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების განვითარებაზე, მათ შორის გზების, რკინიგზის, პორტებისა და აეროპორტების მშენებლობაზე, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის საელჩოს დროებითმა საქმეთა რწმუნებულმა, ტაი ჩუნიუნგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ევროპასა და აზიას შორის ლოგისტიკური ცენტრის როლს ასრულებს, რაც ჩინეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს შექმნის.
„ჩინეთ-საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთშევსებადობის გათვალისწინებით, ამჟამად ორი ქვეყანა თანამშრომლობს ძირითადად შემდეგ სფეროებში, სუფთა ენერგია და „მწვანე“ განვითარება. ჩინურმა კომპანიამ, „სიჩუან ენერჯი ინტერნეიშენალმა“ (Sichuan Energy International), ინვესტიცია განახორციელა აღმოსავლეთ საქართველოში, პანკისის ხეობის სიღრმეში მდებარე „ხადორის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში; აღნიშნული ობიექტი დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. მიმდინარე წლის სექტემბერში იმავე კომპანიამ ინვესტიცია ჩადო იმერეთის ქარის ელექტროსადგურების პროექტში; მიზანია, მომავალი წლისთვის ის ენერგოსისტემას შეუერთდეს. საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარების ათწლიანი ეროვნული გეგმის თანახმად, 2034 წლისთვის ქვეყანაში უნდა ფუნქციონირებდეს 217 ჰიდროელექტროსადგური, 25 ქარის ელექტროსადგური და 3 თბოელექტროსადგური. მჯერა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციებს კიდევ არაერთი ჩინური კომპანია განახორციელებს.
მეორე სფერო ინფრასტრუქტურის განახლებასა და ლოგისტიკურ თანამშრომლობას ეხება. საქართველო აქტიურად მონაწილეობს „შუა დერეფნის“ განვითარებაში, ძირითადი აქცენტით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების განვითარებაზე, მათ შორის გზების, რკინიგზის, პორტებისა და აეროპორტების მშენებლობაზე. ჩინურმა კომპანიებმა ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში აშკარა ექსპერტიზა აჩვენეს, რასაც ადასტურებს მათი წარმატებული მონაწილეობა ისეთ პროექტებში, როგორიცაა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, E60 ავტომაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის განახლება. რადგან საქართველო ევროპასა და აზიას შორის ლოგისტიკური ცენტრის როლს ასრულებს, ინფრასტრუქტურული კავშირი გრძელვადიან პრიორიტეტად დარჩება, რაც ჩინეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს შექმნის.
მესამე სფერო ციფრული ეკონომიკა და ხელოვნური ინტელექტია. საქართველოს სურს, გახდეს ევრაზიის „ციფრული ჰაბი“. ჩინეთს, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე ციფრულ ეკონომიკას წარმოადგენს, გააჩნია ტექნოლოგიები და გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა „ჭკვიანი ქალაქები“, 5G და ხელოვნური ინტელექტი; ეს რესურსები ხელს შეუწყობს საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის განახლებას. ორივე მხარის შესაბამისმა უწყებებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რომლებიც ციფრულ ეკონომიკაში საინვესტიციო თანამშრომლობასა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობას ეხება. გარდა ამისა, საქართველო, როგორც დამფუძნებელი წევრი, შეუერთდა „ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის მსოფლიო ორგანიზაციას“. ინიციატივას, რომელიც ჩინეთმა წამოაყენა. მიიჩნევა, რომ ამ მიმართულებით ორ მხარეს შორის თანამშრომლობის ფართო პერსპექტივები არსებობს.
მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მოკლედ შევაჯამო ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის ბოლოდროინდელი ვიზიტის შედეგები საქართველოში. ორი კვირის წინ, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ისტორიული ვიზიტით ეწვია საქართველოს, რამაც მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო ქართული საზოგადოების სხვადასხვა სექტორისა და მედიის მხრიდან. ვიზიტის დროს ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი შეხვდა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და დაესწრო ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესსაზოგადოების მიერ ორგანიზებულ მისასალმებელ ვახშამს. პრეზიდენტ ყაველაშვილთან შეხვედრაზე ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა აღნიშნა, რომ საქართველო ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და პირველი ქვეყანა ევრაზიის რეგიონში, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დაამყარა. მიმდინარე წლის ივნისში პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ. ამ კავშირების განმტკიცება და განვითარება ემსახურება ორივე ქვეყნის ხალხების ფუნდამენტურ ინტერესებსა და საერთო მისწრაფებებს; ჩინეთი მზადაა, გააგრძელოს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა საქართველოსთან და გააფართოვს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას, ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა, იყოს საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე დამყარებული ურთიერთობით. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩინეთი, როგორც ყოველთვის, მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების დაცვაში. მხარეებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განახლების თაობაზე ოქმის ეფექტიანად განხორციელებისთვის და გააღრმაონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები, კულტურა, ტურიზმი, ახალგაზრდული გაცვლები და რეგიონთაშორისი თანამშრომლობა.
ჩინური და ქართული ბიზნესწრეების მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე დასწრებისას, ვიცე-პრეზიდენტმა, ხან ჭენგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი კვლავაც ერთგული რჩება თავისი ფუნდამენტური ეროვნული პოლიტიკისა, „გახსნილობის“ პოლიტიკისა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს კომპანიებს, ბაზარზე ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს. მან გამოთქვა იმედი, რომ ორივე ქვეყნის ბიზნესწრეები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობებს, გააძლიერებენ ურთიერთკავშირებს და წვლილს შეიტანენ ჩინეთ-საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში“, – განაცხადა ტაი ჩუნიუნგმა.